სოფლის ისტორია და ტოპონიმები


                                                           სოფ. ლაფანყური

   სოფლის გარშემო არსებული ისტორიული ძეგლები ცოცხალი მოწმეა იმისა, რომ სოფლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კარგად ათვისებული ყოფილა საუკუნეების წინ, თუმცა მასიურმა შემოსევებმა ლოპოტის ხეობის მოსახლეობა აიძულა, მიეტოვებინა სამოსახლოდღევანდელი დასახლება მოგვიანებით, მე–20 -ის დასაწყისში გაჩნდა, ძირითადად არაგვის და ივრის ფშავლებისაგან. ივრის ფშავლები კარგად იცნობდნენ ლოპოტის ხეობას, რადგან აქ აზამთრებდნენ მსხვილფეხა პირუტყვსხვთისო ჩაქიაშვილს და ლეგა ნარუსლიშვილს მოსწონებიათ ეს ადგილი და გადაუწყვეტიათ მისი ყიდვა მუდმივ საცხოვრებლად, მაგრამ ორი ადამიანისთვის შეუძლებელი იყო ამხელა თანხის გადახდა.     შეამხანაგებულა 10-12 კომლი, უყიდია 40 ჰა მიწა და 1908-1909 წლებში პირველი ჩამოსახლებაც დაწყებულა; მიწის ყიდვა-გაყიდვა 1906-07 წლებში გაფორმებულა.          სავარაუდოდ, სოფლის სახელი ლაფანყური მცენარე ლაფნის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ლოპოტის ხეობაში მხოლოდ სოფლის შემოგარენში გვხვდება


                                             ლოპოტის ორწყლები (ჩანჩქერთან)

   ლოპოტის ხეობა, როგორც ისტორიული ერთეული, მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოისა საქართველოისა"  და "ქართლის ცხოვრების" ცნობებში. ამ მასალებს იყენებს დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ("ქართველი ერის ისტორია " II ტომი). დიდი ისტორიკოსების ცნობებს ადასტურებს და ამყარებს მდ. ლოპოტის ორივე ნაპირზე უხვად არსებული უძველესი და უტყუარი ნაშთები იმისა, რომ შორეულ წარსულში ლოპოტის ხეობაში ალპურ ზონამდე ხალხს უცხოვრია. ამას მიუთითებს შემორჩენილი ტოპონიმები: "მუხაციხე", "ნაკალოვარი", "ნამარნევი", "ჭურისხევი" და სხვა. ამ ადგილებში დღემდე შემორჩა ეკლესიათა და ციხეთა ნანგრევები, ნასოფლარები, სადაც ჩნდება უამრავი ქვევრი, თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, იარაღი, სამკაულები.


       
    თუმცა ისტორიული ცნობების სიმწირის გამო, ჩვენ, ძირითადად, უფროსი თაობის ზეპირგადმოცემას ვეყრდნობით.  


                                                 დევისხვრელის გამოქვაბული

   დევისხვრელის გამოქვაბული შორეულ წარსულში, ალბათ, პირველყოფილი წინაპრის ბუნებრივ სამოსახლოს წარმოადგენდა.მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობისას მდ. ლოპოტამ გამორიყა ქვევრსამარხები. მოსახლეობა კი უხვად პოულობს თიხის ჭურჭლის ნამტვრევებსა და ადამიანთა ყოფის დამადასტურებელ ნივთებს.

                                                        დევისხვრელში


                                                                                                ცაბაურთა

     ცაბაურთა (დევისხვრელის ეკლესია) საკმაოდ მასიური ნაგებობაა. აქ კარგადაა შემორჩენილი ქრისტიანული ტაძრისათვის დამახასიათებელი აღსავლის კარის ადგილი, კათედრა. სავარაუდოა, ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილიყო, გალავნით დაცული. აქვეა სხვადასხვა მოცულობის საზედაშე ქვევრები. 

                                                         ცაბაურთა



                                                      კიპურჭების ციხე

  კიპურჭების ციხე. კარგადაა შემონახული ციხის სათოფურებიანი ნაგებობა, რომელიც ლოპოტის ხეობის შემოსასვლელს ჩრდილოეთის მხრიდან აკონტროლებდა. ციხე, სავარაუდოდ, "ლეკიანობის" დროის ნაგებობა უნდა იყოს. ციხე ტინებზეა აგებული.


                                                         კიპურჭების ციხე

   საინტერესოა სახელწოდება "კიპურჭი". სულხან–საბას "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს" თუ დავეყრდნობით: "კიპორჭი" – თაფლი მაგარი". (კლდეებში მრავლად ბუდობს გარეული ფუტკარი და ალბათ წინაპრებმაც  სახელი ამის მიხედვით უწოდეს).


                                   გონჯახევის გოგირდოვან–სამკურნალო წყლები

    სოფლიდან დაახლოებით 7–8 კმ.–ში მდებარეობს გონჯახევი. აქ სამკურნალო წყლები გამოდის. წყლებთან ნაგებობის ნაშთებია, სავარაუდოდ აბანოების. გადმოცემის მიხედვით, აბანოების აშენების სავარაუდო დროდ თამარის ხანა სახელდება. გარდა ამისა, აქვე იღებს სათავეს სარწყავი არხი და სასმელი წყალი (თიხის მილებით, რომლის მსგავსი დაცულია გრემის მთავარანგელოზის ეკლესიის მუზეუმში), რომელიც გრემისკენ მიედინებოდა. სამკურნალო წყლების თავზე ციხის მასიური ნაგებობების ნაკვალევია, ვახტანგ გორგასლის დროინდელი. გადმოცემის თანახმად, აქ იყო გამოხიზნული ირანელების მიერ დევნილი უფლისწული დაჩი სახლეულითა და სამეფო საგანძურით. VIII ს–ში აქ მურვან–ყრუს ურდოებს ულაშქრიათ, ციხე ვერ აუღიათ და უკან გაბრუნებულან. 


                     მურვან ყრუს ლაშქრობა

    
                                                   ტორნისი

  ეს ტორნისის დიდებული ნაგებობაა, რომელსაც ეტყობა მოგვიანებითი მიშენებების კვალი. ტორნისი დაბა ყოფილა, ხოლო ტორნისის მოქმედ ტაძარში ყოველდღიურად აღევლინებოდა წირვა–ლოცვა.



    აქ იწერდნენმ ჯვარს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ახალშეუღლებულებიც.


                                                            ნაკოშკარა

     ნაკოშკარა სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ერთ დროს კოშკს წარმოადგენდა. მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საცეცხლე კოშკი უნდა ყოფილიყო, რომელზეც მტრის შემოსევების დროს ცეცხლს ანთებდნენ ხოლმე და მთელ ხეობას აგებინებდნენ, რომ გახიზვნა მოესწროთ.  დღეს ამ ადგილას მხოლოდ ნანგრევებია. ტრადიციების მოყვარულმა ფშავლებმა აქ ხატის კვრივი დადგეს და ადგილის დედა უწოდეს, სადაც ყოველი აღდგომის სამშაბათს ამოდიან და შესაწირს სწირავენ უფალს. 

                                               გიორგი პანკელაშვილი