ეკონომიკური და სოციალური პრობლემები

  ლაფანყური საზღვრისპირა, მთიანი სოფელია - ნახევრადდაცლილი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოხუცები და მათ იმედზე დატოვებული ბავშვები არიან. 
  მიგრაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და უმოკლეს დროში მასიური ხასიათი მიიღო. უმუშევრობის მიზეზით სოფელი ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა დატოვა, ზოგი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა ოჯახის სარჩენად. სოფელში აღარ ბრუნდებიან, არც განათლებამიღებული ახალგაზრდები, რადგან მათ აქ არანაირი პერსპექტივა არ ელოდებათ.
       სოფელში მომრავლდა ცარიელი სახლები.


   2002 წლის აღწერით სოფელში ცხოვრობდა 450 კომლი, დღეს ეს რიცხვი კატასტროფულად მცირეა - 250 კომლი.
   სოფელს არ გააჩნია არანაირი შემოსავლის წყარო.
   90-იან წლებამდე მუშაობდა თელავის ეთერზეთების ქარხანა, სადაც თითქმის მთელი სოფელი იყო დასაქმებული.
   1994 წლამდე სოფ. ლაფანყურში ფუნქციონირებდა ფიქალ-მარმარილოს კომბინატი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა. შემდეგ კომბინატი თელავში გადაიტანეს. 2001 წლისთვის დაგროვილი ვალების გამო კომბინატი გაიყიდა.
   მარმარილოს საბადო კვლავ ამუშავდა 2006-2007 წლებიდან, თუმცა არასტაბილურად.
   სოფელი მცირემიწიანია.  მიწადმოქმედებისათვის გამოსადეგი მიწები მცირე და დაბალნაყოფიერია. გადახნულია საძოვრები, რის გამოც ფერხდება მესაქონლეობის განვითარება, რაც ამ სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
   სოფელს სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთება, რომელიც ისეა დანგრეული, რომ საფრთხეს უქმნის ყველა სახის ავტოტრანსპორტს.


 
   სოფლის ბავშვებისთვის ერთადერთი კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულება სკოლაა. სოფელში არ არის არც კულტურის სახლი, არც ბიბლიოთეკა და არც სხვა გასართობი მოსახლეობისათვის.
    დღევანდელი კულტურის სახლი კი ასე გამოიყურება



    სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა,ულამაზესი ლოპოტის ხეობა,მაღალი მთები,პიტალო კლდეები, ჩანჩქერები, გოგირდოვანი წყლები, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა ხელსაყრელ პირობებს ქმნის აქ ეკოტურიზმის განვითარებისათვის. 


   ამისათვის საჭიროა ეკოტურიზმის  სწორი დაგეგმარება, მოსახლეობის ჩართულობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება,საოჯახო სასტუმროების მოწყობა. სოფლის გარშემო არსებული ისტორიული ძეგლები, ციხეთა ნანგრევები, ეთნოგრაფია, ტრადიციები-ეთნოტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ტურისტული მარშრუტები ჩვენი სოფლის მიმართულებით, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის და გაამრავალფეროვნებს ტურიზმის სექტორს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.                ყოველივე ეს კი შემდგომში, შესაძლებელია, გახდეს ინტერესის საგანი ინვერსტორთათვის, რაც უდავოდ სასიკეთოდ წაადგება მთელი ჩვენი რაიონის მცხოვრებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გახდება მყარი გარანტი ადგილობრივ მკვიდრთა მიგრაციის შეჩერებისა.

                                                              მარიამ ჯიშკარიანი